Friday, September 2, 2011

ერთი სცენარის ამონაგლეჯი*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★



ერთ მშვენიერ დღეს ოთახის ბინადარმა გააცნობიერა ,რომ ის სამყაროსთვის მოკვდა და სამყაროც მოკვდა მისთვის. ოთახი გადაჰყურებდა ქუჩას, რომელიც მუდამ ცოცხალი იყო მისი თანატოლებით დახუნძლული მანქანებით, ჟივილ-ხივილით, ლამაზ-ლამაზ კაბიანი გოგოების მხიარული სიცილებით.
 მის ოთახში იდგა სარკე,რომელიც დღითიდღე მტვრის ნისლით იქუფრებოდა და მხოლოდ მკვდარი საგნების სურათებს ირეკლავდა,რადგან ის მიივიწყა მისმა ერთადერთმა მეპატრონემ-გოგომ,რომელიც მოკვდა სარკისთვის,სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის ერთ მშვენიერ დღეს:რომელიღაცა წამის,რომელიღაცა მონაკვეთში...

 მისი  მშობლები  კი ისხდნენ და საღამოობით ხმამაღლა ტელევიზორს უყურებდნენ,ვინაიდან ტელევიზორის კივილი ახშობდა მათ შინაგან კივილს,მოწოდებას და თანხვედრაში მოსულ სურვილს იმის გამო,რომ მათი გვერდზე ოთახის ბინადარი ნუ  ძალიან რაღაცნაირი სხვანაირი იყო-ისეთი არა ,როგორიც მათ წარმოედგინათ,უნდოდათ მათ დიდ ფიქრებში...

   როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ თავს და ეუფლება მარტოობის, ყველასგან მიტოვებულობის გრძნობა,როცა გაურბის ახლო მეგობრებს და მშობლებიც საღამოობით აკივლებენ მარადმწვანე ტელევიზორს, მაშინ მოდის მარტოობა. რომელიღაცა დროის რომელიღაცა სივრცეში ვაკუუმად გაჩრილ შენ ყოფიერებას ეუფლება ცნობიერება იმის რომ შენ ხარ მარტო და შემდეგ გაცნობიერება იმის რომ ამ მარტო-სულმა შეგიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება. ცხოვრების თავიდან დაწყება...აბსოლუტურად ყველაფრის თავიდან, ზეროდან დაწყება და ეს ის ზეროა, რომელიც მოაქვს "აქ და ახლა ყოფნის" გაცნობიერება.
   "ზდეს ი სეიჩას"...ოთახის ბინადარი ხვდება რომ არსებობს რაღაც რაც ეხმარება მას ადგომაში და სარკეზე ჩაკირული მტვრის გადაწმენდაში ,არსებობს რაღაც რაც ეხმარება მისი სილამაზის  გადახალისებაში, ლამაზი კაბის ჩაცმასა და მეგობრებთან ერთად გასეირნებაში, საყვარელი საქმის პოვნაში და ისეთი ხმით დაკივლებაში რომელიც გადაახშობს ჩართული მარადმწვანე ტელევიზორის იმ ხმას, რომელიც აჯერებს ადამიანებს თითქოს მათი ცხოვრება მექანიკური დაღმართია ინერციული ...
და ეს რაღაც არის რწმენა,უსაფუძვლო რწმენა იმის რომ შენც დიდი,ადამიანებისგან მკვდარი ღმერთის ნაწილადი ხარ,რომელიც გაძარცვეს,აწამეს,მოკლეს, მაგრამ რომელსაც შეძლებია წამოდგომა.

ბეჭედი მბრძანებელი*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★



ბეჭედი ჩემთვის არის  ყველაზე ნათელი აზრის გაგრძელება თითებზე, სამკაული მკლავზე-კი რაღაცის შექმნაა ჩემთვის  ,სამკაული ყელზე- დასრულებაა რაღაცის, ხოლო საყურე კი უბრალოდ გალამაზებაა- ვხმარობ სახალისოდ .
  ბეჭედი არის  სამყაროს და ჩემი მეს მისტიკური დაღი ჩემ გრძელ  თითებზე და ამიტომ მე არ შემიძლია ყველანაირი ბეჭდის  თამამად ტარება: ის უნდა იყოს ისევე ახლო ჩემთან- როგორც სულის მეგობარი, და გულის მესაიდუმლე. ბეჭედი უნდა მაკვდებოდეს თითზეც და სულზეც,ის რომ ვატარო. თუ ტარების დროს ლამაზი ბეჭედი ვერ ვიგუე,ის დროა დავემშვიდობო მას..
 ამიტომაცაა, რომ ყველა ჩემ საყვარელ ბეჭედს აქვს თავის ისტორია: თავის ტარების დასაწყისი და დასასრული...
    ვოცნებობ : ადამიანმა მაჩუქოს ისეთი ბეჭედი,რომელსაც არასოდეს მოვიხსნი და რომელიც იქნება მისი და ჩემი  გაგრძელება ამ ჩემ თითებზე. საუბარი აქ არაა საქორწინო ბეჭედზე, მაგრამ რაღაც ძალიან მსგავს ნივთზე, რომელსაც არასოდეს მოვიხსნიდი.

  ერთხელ ერთმა ბიჭმა მაჩუქა ძვირფასი ბეჭედი: მისი ჩემდამი სიმპატიის ნიშნად ალბათ. მე ეს ძვირფასი ნივთი მალევე დავაგირავე და დავახურდავე:რადგან არც ბიჭი იყო ჩემთვის ძვირფასი და არცვერც მისი ნაჩუქარი ნივთიც ვერ შევიყვარე...ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე,რომ ხაზი მინდა გავუსვა იმას ,თუ რას წარმოადგენს ბეჭედი ჩემთვის. რაც გინდა ძვირფასი იყოს უნდა მიყვარდეს:თუ არადა მასთან განშორება გარანტირებული მაქ.

როცა ყველაფერი მორევაზეა*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★


ცხოვრება ,რომელიც მორევაზეა,
მორევი რომელიც ჩათრევაზეა,
ეშმაკიც უმალ მზადყოფნაზეა ჩემი სიმშვიდე აცდუნოს და ეს ცდუნებაც-საჭიდაოა.
გეუბნები: ყველაფერი უკვე მორევაზეა,ეს ჩემი გული კი განგრევაზე და აზრები კიდევ ქაოსში .

ALICE IN WONDERLAND*˚。* 。*。 • ˚ ˚ •。★


ქალი,
ალი,
ალისა. ის ალისაა , რომელიც მალე  გადაეშვება ხანგრძლივ მოგზაურობაში ახალი ლამაზი და ძლიერი თავგადასავლის საძიებლად, ისეთი ნაღდი ცხოვრებისეული სურათების და გრძნობების შესაგროვებლად და ისეთი ნაღდი ადამიანების , რომლებიც შორს არიან ზღაპრული მონსტრებისგან თავიანთი ხასიათითა და ბუნებით.
   
მანამდე კი ალისაა თავისუფალ ვარდნაში ზემოდან ქვემოთ და მიექანება ხოლმე იქ, სადაც ხშირია წამების წამება,  ხშირია საათების ცრემლებად დაღვრა , მაგრამ მას აღარ უნდა თავისუფალი ვარდნა ვერტიკალურ ლაბირინთში....ეჰ  რა გიჭირთ თქვენ  , შავ ცხენზე ამხედრებულო ამაზონკებო ...და იცის თავისუფალ ვარდნაში მყოფმა ალისამ, რომ არ ქონდა უფლება ამ ზღაპრული მონსტრებით დასახლებულ ორმოში ჩავარდნილიყო, სად იყო  მაგისდრო ? . ალისა ცხოვრობს  ალქაჯთა სამყაროში და ამ სამყაროს-ანუ ჯოჯოხეთს ანათებს ფული და იგივე ფული და ძალაუფლება აქრობს სამოთხეს და ყრის იქიდან ხოლმე ანგელოზებს...
   ნაანგელოზარი, ადამიანების პატივისცემის დამსახურების ერთადერთი იარაღი კი არის ფული , რადგან ძალიან ცოტაა ისეთი ვისაც უანგაროდ უნდოდე და ზრუნავდეს შენზე.  ზრუნავდეს შენ კეთილდღეობაზე, ფეხზე დაყენებაზე, სიხარულის მონიჭებაზე უანგაროდ...
 
                                                 
      საბრალო ალისა ...მე მინდა ახალი ზღაპარი დაიწეროს იმ ალისაზე, რომელიც ორმოდან ამოძვრა და დაადგა სიხარულის და წარმატების გზას  . შეუდგა ბილიკს, რომელიც ამ სამყაროს გრავიტაციული კანონების საწინააღმდეგოდ მიდის თავისუფალ ვარდნაში ქვევიდან ზევით , და ეს ბილიკი სავსეა უამრავი დადებითი და ძლიერი ემოციით, და ფიქრით. ალისა დაიბრუნებს ყველაფერს რაც წაგლიჯეს ხელიდან: ჯანმრთელობას, ნერვებს, ოცნებებს ...

 გოგო, რომელიც შინაგანი მარაზმით შებყრობილი ადამიანების წრეში ტრიალებს, რომელიც მუდმივად სხედან და წუწუნებენ ზოგი რაზე და ზოგი რაზე , ან და არ წუწუნებენ მაგრამ ისეთი წარწერიანი სახით უყურებენ ამ გოგოს ,რომელშიც ვკითხულობთ ;"შენ დამნაშავე ხარ",და ისმის კითხვა "რაში?" , და ისმის პასუხი : " იმაში რომ ყოველთვე ოჯახში არ შემოგაქვს დიდი ფული" ... მაგრამ ეს ბოლო პასუხი ისმის არაპირდაპირ , გადაკვრით...გოგო მუდმივად  ზრუნავს იმაზე რომ არ დაემსგავსოს მათ, არ ინერვიულოს მათ მარაზმებზე, შინაგანი კედლით გამოეყოს ამ მძიმე ჰაერს , რასაც ძალიან დიდი ფსიქიკური ენერგია მიაქვს. არადა ძალიან რთულია ცხოვრობდე ოჯახში და გამოეყო ოჯახს.
   ვიცი უთქვამთ "ცხოვრება ბრძოლაა"-ო, მაგრამ არა ქარის წისქვილებთან როგორც ამას დონ კიხოტი აკეთებდა, რომელიც თავის ამბავში მართლა გმირი იყო, არამედ ესაა სხვა სახის ბრძოლა : მძიმე, ეჭვიანი, ეშვიანი, დამანგრეველი ადამიანების აზრებთან ბრძოლა, რომლებიც "შენ თვალში ბეწვს ამჩნევს და თავისაში დირესაც კი ვერ ამჩნევს"...და ყველაზე დიდი ტრაგედიაა ის, როცა ბრძოლა გიწევს იქ,რასაც ოჯახი ქვია.
შვეიცერი ამბობს;" თამაში გვაცილებს რეალობას , იმიტომ რომ ეს რეალობა გვღლის" .. ამით იმის თქმა მინდოდა რომ რაღაც უნივერსალური კოსმიური ეთიკის ნორმები უნდა გამოიმუშავოს ადამიანმა , რათა არ გადაიყოლოს დღევანდელი მისი ცხოვრების მონსტრებით დასახლებულმა რეალობამ..
მონსტრუკებით დასახლებული რეალობა ... :)

აკვარიუმის ქალები*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★






შუშები.
შუშებს მიღმა ქალები, ქალებს მიღმა თვალები.
თვალებზე ფარდები და ფარდებს  მიღმა დარდები. . .
დარდების უკან კი სამუდამოდ დამალული სიმართლე,რომელსაც ვერ ხედავენ შუშებს მიღმა მდგარი ქალები.
თეთრი ციხის შუშებში მოძრაობენ , ჭორაობენ, თავს ირთობენ ყავითა და სიგარეტით , ოხრავენ , გულს იოხებენ ნებაყოფლობითი ტუსაღები აქაური სივრცის.
ჭორაობის თემა არის :სილამაზე, ფული, თავისუფლება. ოღონდ სხვისი , და არა მათი.


ჭორავენ და კიცხავენ თეთრი შენობის ისეთ სტუმრებს, რომლებიც მსუბუქი ნაბიჯებით , ლამაზად ჩაცმულები, ჰაეროვანი სიარულითა და ფულით სავსე ჯიბეებით ხშირად სტუმრობენ ხოლმე სხვადასხვა ნივთების შესაძენად თეთრ ციხეს ...ყიდულობენ და მიდიან , სტოვებენ თეთრი ციხის ნებაყოფლობით ტუსაღებს დაბოღმილებს და დარდისგან დაოსებულებს , რადგან თავიანთი მოსვლით კიდევ ერთხელ და ხელახლა ახსენებენ მათ ერთ მთავარ თემას: თავისუფლების არ ქონას...


და დღითიდღე შუშებს მიღმა მდგარ ქალებს ენისლებათ თვალები, და მერე რა  რომ ყოველდღე იწმინდება შუშები და ყოველდღე არის სისუფთავე და გამჭირვალობა , მაინც იბინდება მათი მზერა, იმტვერება ფარდა და ფარდის მიღმა მძიმდებიან დარდები მაინც.


დარდები სხვისი თავისუფლებისდა გამო, დარდები საკუთარი უსუსურობისდა გამო, იმის გამო რასაც შუშის მიღმა -აკვარიუმში განვლილი წამები ,საათები და ცხოვრება ქვია.
 აკვარიუმია ის, სადაც ადამიანს არ აქვს საკუთარი ჰაერი , ის სადაც ხელოვნური სივრცეა იმ თევზებისთვის ,რომლებიც ოდესღაც მდინარეში ან ზღვაში ცხოვრობდნენ. ოდესღაც.


მე თანავუგრძნობს შუშის მიღმა მცხოვრებ ყველა ქალბატონს, რომელსაც არ აქვს საკუთარი სივრცე თავისი, სხვისი, ნებაყოფლობითი თუ უნებლიე მიზეზების გამო.
    

მეზღაპრეს დაბადება *˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★


ნიღბოსანთა ზეიმიდან მოდიოდა სცენიდან ჩამოგდებული ახალბედა..ნასვამი და არეული-როგორც მთვარეული მიუყვებოდა გზას  რომელსაც არ მოჰქონდა მისთვის სიხარული.მისი სიარული კი იყო მექანიკური სვლა თამაშში დამარცხებული ადამიანისა.
ქალისგან დაცინული და ცივად მიტოვებული თავს ირთობდა ჭადრაკების თამაშით და გადაწყვიტა იმიერიდან აღარ დაენდო გზაზე შემომხვდარი აღარცერთი ბანოვანი...
რათა ქალისგან მოყენებულ ტკივილს გადაჩვეოდა დაეჩვია ჰეტერას და ჰაშიშს, როგორც მხეცი გარეული თელავდა ხოლმე სხვების ნაზ და გულითად გრძნობებს...ასე დაიბადა მეზღაპრე ლურჯი თვალებით, რომელმაც დაიწყო    ლამაზი ზღაპრების მოყოლით ბანოვანთა გულებზე თამაში. ძალიან მარტივი მექანიზმია - გზა მსხვერპლიდან ჯალათამდე...
  ვიცნობ მე ასეთ დაღდასმულ ადამიანს , ბოროტ მეზღაპრეს კეთილი ზღაპრებით.

მარადიული ნეკროლოგი სიგარეტს*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★






ჩემ ჩანთაში ყოველთვის მოეძებნებოდა საპატიო ადგილი რამდენიმე ნივთის ამ დედამიწაზე. ერთ-ერთი მათგანი იყო თამბაქო-ისე რუსულად უფრო კარგად ჟღერს: пачка сигарет.  დანარჩენებზე სხვა დროს ვისაუბრებ...
   სიგარეტი აზროვნების პროცესში, სიგარეტი მელანქოლიური ფიქრების პროცესში, რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სიგარეტის მისტიური კვამლი ყოველთვის ფასდაუდებელ დახმარებას მიწევდა...
 
  ჩემი და სიგარეტის რამდენიმე წლიანი მეგობრობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა. დასრულდა ძალიან მოულოდნელად და სრული კრახით: რიგი, საკმაოდ სერიოზული მიზეზების გამო ჩემი და ჩემი ასევთქვათ ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტის მომავალში დამეგობრებაც კი გამორიცხულია...ასე რომ , აწი მხოლოდ ღიმილით შემიძლია გავიხსენო ჩემი მეგობარ-ყოფილი. ჩემი თვითოეული მოწეული ღერი სიგარეტი მიყვარს მე ... ისე ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ სრულიად არ მაღიზიანებენ მწეველი ადამიანები, და პირიქით რაღაც სევდანარევი ნოსტალგიით ვუყურებ მათ და სიგარეტის ურთიერთობას-რატომღაც დაკვირებული ვარ, რომ ყველამ ვინც გადააგდო თამბაქო მწეველებზე აქვთ დიდი "ფუუუ"-ს რეაქცია, პირიქით მივესალმები დღემდე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს მოწევის თავი ( და ტრაკი) და სევდიანად, კიდევ ერთხელ ვემშვიდობები ყველაზე საყვარელ მავნე მეგობარს ამ დედამიწაზე- სიგარეტს....
მინდა მწეველებსაც და არამწეველებსაც დავუმსხვრიო რამდენიმე ჩამოყალიბებული მითი სიგარეტის შესახებ. აი ამ სურათიდან გამომდინარე:
1.მითი-"სიგარეტის მოწევა კბილებს ანჯღრევს და აყვითლებსო": ჩემი პირადი მრავალწლიანი მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი,რომ  ( სკოლის საპირფარეშოში დავიწყე მგონი მოწევა...არც კი მახსოვს ზუსტად)მაინც ყველა კბილი ნორმაში მაქ მიუხედავად მრავალწლიანი მწეველობისა.
2. მითი "სახის კანს აფუჭებსო" . მინდა გითხრათ რომ სიგარეტს სახის კანზე არ უმოქმედია, ჯერ კიდევ ბავშვობიდან არ გამოვირჩეოდი მაინცდამაინც ღაჟღაჟა ლოყებით და სიგარეტს კი არაფერი დაუშავებია ჩემი კანისთვის.
3. "სიგარეტის გადაგდება ასუქებსო". რამდენიმე თვეა გადავაგდე და აშკარად არ უმოქმედია ამას ჩემ წონაზე. პირიქით მგონი უფრო კაი ფორმაში ვარ , ვიდრე მწეველობის პერიოდში.

მოკლედ დაკიდეთ ყველას რჩევა , აზრები და უბრალოდ არ მოწიოთ სიგარეტი თუ ჯერ არ დაგიწყიათ მოწევა და თუ მწეველი ხართ , მაშინ ეცადეთ მექანიკაში არ გადაგივიდეთ სიგარეტთან ურთიერთობა: თვითოეულ ღერს გაცნობირებულად დაუთმეთ თქვენი დრო და ყურადღება.


პ.ს. გადაგდების მერე  სიგარეტს  მაინც ვყიდულობ ხოლმე და მიგდია ჩანთაში ან  სამუშაო მაგიდის უჯრაში .
  შეიძლება მოკიდებული სიგარეტიც დავიჭირო  ხელში , მაგრამ ფაქტი ფაქტია: ჩვენი ახლო მეგობრობა სიგარეტთან დასრულებულია სამარადისოდ.