შუშები.
შუშებს მიღმა ქალები, ქალებს მიღმა თვალები.
თვალებზე ფარდები და ფარდებს მიღმა დარდები. . .
დარდების უკან კი სამუდამოდ დამალული სიმართლე,რომელსაც ვერ ხედავენ შუშებს მიღმა მდგარი ქალები.
თეთრი ციხის შუშებში მოძრაობენ , ჭორაობენ, თავს ირთობენ ყავითა და სიგარეტით , ოხრავენ , გულს იოხებენ ნებაყოფლობითი ტუსაღები აქაური სივრცის.
ჭორაობის თემა არის :სილამაზე, ფული, თავისუფლება. ოღონდ სხვისი , და არა მათი.
ჭორავენ და კიცხავენ თეთრი შენობის ისეთ სტუმრებს, რომლებიც მსუბუქი ნაბიჯებით , ლამაზად ჩაცმულები, ჰაეროვანი სიარულითა და ფულით სავსე ჯიბეებით ხშირად სტუმრობენ ხოლმე სხვადასხვა ნივთების შესაძენად თეთრ ციხეს ...ყიდულობენ და მიდიან , სტოვებენ თეთრი ციხის ნებაყოფლობით ტუსაღებს დაბოღმილებს და დარდისგან დაოსებულებს , რადგან თავიანთი მოსვლით კიდევ ერთხელ და ხელახლა ახსენებენ მათ ერთ მთავარ თემას: თავისუფლების არ ქონას...
და დღითიდღე შუშებს მიღმა მდგარ ქალებს ენისლებათ თვალები, და მერე რა რომ ყოველდღე იწმინდება შუშები და ყოველდღე არის სისუფთავე და გამჭირვალობა , მაინც იბინდება მათი მზერა, იმტვერება ფარდა და ფარდის მიღმა მძიმდებიან დარდები მაინც.
დარდები სხვისი თავისუფლებისდა გამო, დარდები საკუთარი უსუსურობისდა გამო, იმის გამო რასაც შუშის მიღმა -აკვარიუმში განვლილი წამები ,საათები და ცხოვრება ქვია.
აკვარიუმია ის, სადაც ადამიანს არ აქვს საკუთარი ჰაერი , ის სადაც ხელოვნური სივრცეა იმ თევზებისთვის ,რომლებიც ოდესღაც მდინარეში ან ზღვაში ცხოვრობდნენ. ოდესღაც.
მე თანავუგრძნობს შუშის მიღმა მცხოვრებ ყველა ქალბატონს, რომელსაც არ აქვს საკუთარი სივრცე თავისი, სხვისი, ნებაყოფლობითი თუ უნებლიე მიზეზების გამო.
No comments:
Post a Comment